On.ge "კომბინიზონას ახალი კოლექციის შესახებ

  • 2021 | 04 | 28 17:48

“ბეტონის ქალაქის სიზმრები” — კომბინიზონა 2021 წლის კოლექციას წარადგენს

ამკერვალო ფაბრიკა ISF GEORGIA და მულტიბრენდი კომბინიზონა 2021 წლის ახალ კოლექციას წარადგენს. “ბეტონის ქალაქის სიზმრები”, — ასე ეწოდება ნამუშევრების ერთობლიობას, რომელიც სოციალური კამპანიის ხასიათსაც ატარებს.

“ვამაყობ, რომ ქსოვილების სრული უმრავლესობა სპეციალურად კოლექციისთვის შეიქმნა ჩემი ნახატებით და სამყაროში არსად ანალოგი არ გააჩნია”, — ამბობს კრეატიული დირექტორი, განო მელითაური.

განომ საკუთარი “ფერბის კვლევის” მიხედვით შექმნილი ჩანახატები გააციფრულა და უმაღლესი ხარისხის სუბლიმაციური პრინტით ქსოვილებზე გადაიტანა.

ბრენდმა ურბანული პრობლემები და პანდემიის გამოწვევები მრავალფუნქციური ტაქტიკურ შარვლებზე, უნისექს ქურთუკებსა და ელეგანტური კაბებზე მკვეთრი დისონანსით, ქსოვილზე ხელნაკეთი ნახატებით, სტილის შეუსაბამობითა და თავზე ჩამოცმული ყვავილებიანი ბადე-აირწინაღებით გამოხატა.

ფოტო: ISF Georgia

კოლექციის უმრავლესობა ნატურალური ქსოვილებისგანაა შექმნილი. რადგან ბრენდს ნატურალურ ქსოვილებისთვის შესაფერისი პრინტის დანადგარი არ გააჩნდა, არქიტექტურული ხაზები განომ ჯერ სათითაოდ, ხელით დახაზა პირდაპირ ქსოვილზე, შემდეგ კი ფერადი გვირისტებით საბოლოო სახე მისცა.

“ყოველთვის ვცდილობ საზოგადოებასთან დიალოგის და გამოხატვის საინტერესო, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი და ინოვაციური ფორმები მოვძებნო. უხარისხო პრინტი ნატურალურ ქსოვილზე ზედმეტად ბანალური იქნებოდა. ბეტონის და უჟანგბადობის პრობლემა რამდენადაც ზოგადია, იმდენად პირადულია და, წესით, თითოეულ ჩვენგანს ეხება. ამიტომაც, კოლექციაშიც საკუთარი სათქმელის და იდეების ვიზუალიზაცია ფიზიკურად განვახორციელე”, — აღნიშნავს განო.

ბრენდის ყველა მოდელი კრეატიული დირექტორის მიერ 2016 წელს ვარშავის უნივერსიტეტის სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული მასშტაბური სამეცნიერო კვლევის — “ფერების მიმღებლობა, მითები, დასკვნები და რეკომენდაციები” — მიხედვით იქმნება და თერაპიული დატვირთვა გააჩნია.

კომპანიის განცხადებით, ფერების სხვადასხვა კოქტეილებით შექმნილ ლუქებს არც ევროპაში და არც ამერიკაში ანალოგი არ აქვს და მთავარ მესიჯს — “ფერების არქიტექტურა ბედნიერებისთვის” — ამართლებს.

“ბეტონის ქალაქის სიზმრები” 30 აპრილს, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ვირტუალურ ჩვენებაზე წარდგება. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, დაგვიანებული რეგისტრაციის მიუხედავად, კოლექციამ ორგანიზატორების დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. ამასთან, ბრენდით დაინტერესებულია არაერთი საერთაშორისო შოურუმიც.

ფოტო: ISF GEORGIA / Enterpreneur

ISF GEORGIA 2017 წელს დაარსდა. იგი ქართული მოდის ინდუსტრიაში ინოვაციური და ინკლუზიური მიდგომების დანერგვას ცდილობს. ინოვაციური სამკერვალო საწარმო ერთადერთია ევროპაში, რომელიც ფერების კვლევაზე დაყრდნობით უნიკალურ თერაპიულ სამოსს ქმნის. ISF GEORGIA საქართველოში დღეისათვის ერთადერთი ადაპტური/საორსულე ბრენდ კომბინიზონას და სამედიცინო ეკიპირების და დამცავი აქსესუარების ბრენდ ალიკაპის შემქმნელიცაა.

კომბინიზონამ 2019 წლიდან გააფართოვა არეალი და დღეს პირველი და ერთადერთი ადაპტური და საორსულე სამოსის მწარმოებელი ბრენდია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. იგი ქმნის ფერად, მრავალფუნქციურ, კომფორტულ სამოსსა და აქსესუარებს როგორც ქალებისთვის, ბავშვებისთვის და თინეიჯერი მეამბოხე ახალგაზრდებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.

https://on.ge/story/79963-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-2021-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1?fbclid=IwAR2ltL31wddReSH_lLc6t7kXZUTn_LDWybNH8u3–ADLMqSTfK0Juk9PVAk

Comments