Enternprenuer კომბინიზონას შესახებ

  • 2019 | 08 | 20 12:29

განო მელითაური პროფესიით მარკეტერია. სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. „კომბინიზონა“ კი მისი ფრთაშესხმული ოცნებაა, ჯერ კიდევ ბავშვობაში წარმოდგენილი. ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა „კომბინიზონა“ ქართულ ბაზარზე წელიწადნახევრის წინ შემოვიდა და ზუსტად 1 თვეში ყველა დანახარჯის ამოღება მოახერხა. „კომბინიზონას“ შოურუმი და საწარმო მელიქიშვილის გამზირზე, ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული. განო მელითაური და კახა გაგნიძე წლების განმავლობაში დაგროვილ პროფესიულ გამოცდილებას სწორედ „კომბინიზონაში“ უყრიან თავს და გრძელვადიან მიზნებს სახავენ.

ახდენილი ოცნება

ბრენდმა „კომბინიზონა“ ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. მოწონება რიცხვებში რომ აღვწეროთ, გეტყვით, რომ „კომბინიზონამ“ შექმნიდან სულ რაღაც ერთ თვეში მომგებიანობის ზღვარზე გასვლა შეძლო.

ყველაფერი პატარა განოს ოცნებით დაიწყო, რომელიც უკვე ზრდასრულ ასაკში აისრულა. განოს მეუღლე, კახა გაგნიძე მეგობართან ერთად სასტუმროს ახალ ბრენდზე მუშაობდა, როდესაც განო მარკეტერის სტატუსით გასაუბრებაზე მივიდა.

„განოს მარკეტინგული კვლევა უნდა ჩაეტარებინა და კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიცია დაეკავებინა. იმდენად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაზე სრულიად განსხვავებული თვალით შემახედა“, − იხსენებს კახა.

 

 

განო, ბავშვობიდან მოყოლებული ქმნიდა ესკიზებს. ყველაფერი ფეხსაცმლის მოდელებით დაიწყო და მოგვიანებით სამოსზე გადაერთო. 4 წლის წინ, როდესაც ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში სამაგისტრო კვლევაზე მუშაობდა, თემად „ფერების მიმღებლობა საქართველოში“ შეარჩია. კვლევის მთავარი მიზანი ფერთა შეხამებისა და თერაპიული დატვირთვის შესწავლა იყო.

განოს მიზანს საკუთარი ნაშრომის გამოყენება წარმოადგენდა, როდესაც თავისი ოცნების ასრულებას შეუდგებოდა – გახსნიდა ინოვაციურ სამკერვალო საწარმოს, რომელიც სამოსსა და აქსესუარებს ფერთა ფილოსოფიაზე დააფუძნებდა.

„კვლევის ფარგლებში რეპრეზენტატიულად შერჩეული 1800 მოქალაქე გამოვკითხე. ვიმუშავე ფოკუსჯგუფებთანაც. შევისწავლე, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი ფერს, როგორ უნდა დავგეგმოთ სწორად ფერთა შეხამება, ფერთა ურთიერთკავშირი, ვიკვლიე მისი გავლენა განწყობაზე და ჯანმრთელობაზე. სწორედ მაშინ გამოიკვეთა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის კონტურები. თუმცა, ამ საქმის შესრულება სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა კახას გარეშე“, − ამბობს განო მელითაური.

ფერთა შეხამების კვლევა სამეცნიერო ნაშრომის სახით მალე გამოვა. იქამდე კი განო მიღებულ ცოდნასა და სტატისტიკას ესკიზების შექმნის დროს იყენებს. „შევქმენი ლექსიკონი, რომელიც თითოეულ ფერს განმარტავს. მაგალითად, ნაცრისფერი ნეიტრალური ფერია, რომელიც ითარგმნება, როგორც კომფორტი“.

ერთ დღეს განომ კახას თავისი ესკიზები დაათვალიერებინა, ფერთა ფილოსოფიაზეც მოუთხრო და გადაწყდა, რომ ფაბრიკის შექმნა არცერთი დღითა და კვირით აღარ გადაიდებოდა.

 

გაეცანით KOMBINIZONA-ს საინტერესო ისტორიას სრულად Entrepreneur-ის აგვისტოს ნომერში!

შეიძინეთ პრესის გავრცელების წერტილებში მთელი საქართველოს მასშტაბით ან გამოიწერეთ http://bit.ly/2YRZxUl

 

Comments